რა უჯდება ბიუჯეტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ბინის ქირა და სახელფასო დანამატი

811

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ტერიტორია მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობით და დამხმარე ფართით.

ნაკვეთის ფართობი – 359,0 კვ.მეტრია, სახლის – 86,8 კვ.მეტრი, დამხმარე ფართი – 31,4 კვ.მეტრის მოცულობისაა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ქირის ყოველთვიური საფასური 1 250 ლარია, წელიწადში 15 ათასი, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

ბინის ქირას გუბერნატორის ადმინისტრაცია იხდის, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მუხლიდან – „კოდი 2.2.10.11 – ბინის ქირა“, კომუნალურ გადასახადებს კი თავად გუბერნატორი.

რაც შეეხება გადამხდელის და მისამართის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ამაზე „ლაივპრესს“ უარი უთხრეს. მიზეზად მითითებულია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლისა და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე – 2 და მე – 5 მუხლები.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისგან მიღებულ წერილს თან შესაბამისი ხელშეკრულების ასლიც ერთვის, რომელიც მიმდინარე წლის 3 იანვრით თარიღდება.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ლევან შონიას მიმდინარე წელს პრემია და ფულადი დახმარება არ მიუღია. მასზე გაიცა მხოლოდ დანამატი, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, თვეში 2 950 ლარის ოდენობით, რაც ჯამში 17 700 ლარს შეადგენს.

დანამატის ოდენობისაა სახელმწიფო რწმუნებულის სახელფასო ანაზღაურებაც.

რაც შეეხება მივლინებებს, გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობითვე, ლევან შონიას 2017 წელს მივლინების თანხა არ მიუღია.

„გუბერნატორი ქვეყნის შიგნით მივლინებების დროს მივლინების თანხის მიღებაზე უარს აცხადებს, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებაში მიემგზავრება იმ შემთხვევაში, თუ ხარჯებს (მთლიანად ან ნაწილობრივ) აფინანსებს მიმღები მხარე“, – აღნიშნულია წერილის პასუხად.

თუმცა მასში ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არ არის ნათქვამი, იმყოფებოდა თუ არა სახელმწიფო რწმუნებული წელს მივლინებაში, რა მიზნით, სად და თუკი დაიხარჯა თანხა ამისთვის, მონაცემები ცალ-ცალკე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს შარშან შეავსო. თუ გადავხედავთ მაგალითისთვის ხუთი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროში დაცულ ინფორმაციას, მნიშვნელოვნად სამხარეო რწმუნებულისთვის არაფერი შეცვლილა. გრაფების უმეტესობა ცარიელია.

2012 წლის ნოემბრის თვის დეკლარაციის მიხედვით, ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსია. ამ დროს მას „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 200 და 1 800 ლარი უფიქსირდება.

ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თანხა დეკლარაციაში მითითებული არ არის, ისევე როგორც მისი, ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, არც მოძრავი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება.

2013 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის დროს ლევან შონია კვლავ იგივე თანამდებობაზეა. ქონების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ფიქსირებულ თანხებშია გარკვეული ცვლილებები. „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზეა 37 507 ლარი და 1 845 ამერიკული დოლარი.

ერთი წლის განმავლობაში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ კი 9 406 ლარი შეადგინა.

2014 წელს ლევან შონიამ დეკლარაცია, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა შეავსო. ის მოცემულ პოზიციაზე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. ამ დროს „საქართველოს ბანკში“ უფრო ნაკლები თანხები – 25 949.91 და 1 238 ლარი ფიქსირდება. სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობისას, ვიდრე გუბერნატორი გახდებოდა, მიღებულმა ანაზღაურებამ 90 108 ლარი შეადგინა. სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შემდეგ მასზე 1743.18 ლარი გაიცა.

პირველი საჩუქარიც მას ამ დეკლარაციაში აქვს აღნიშნული – 2 500 ლარის ღირებულების პისტოლეტი გლოკ-21, რომელიც სამსახურებრივი – პოლიციის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გადაეცა.

რაც შეეხება 2015 წლის დეკლარაციას, აქ უკვე ლევან შონიასთან ერთად მისი ცოლი, ინგა გილაურიც არის აღნიშნული.

გუბერნატორის ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“ 44 708 ლარი და 519 ამერიკული დოლარია მითითებული.

თანხას ფლობს ინგა გილაურიც. კერძოდ, ამავე ბანკში ანგარიშზე – 9 514, 1 660 და 25 869 ლარი ფიქსირდება.

ერთი წლის განმავლობაში გუბერნატორის სამსახურებივმა სარგომ 66 375 ლარი შეადგინა.

ბოლო, 2016 წლის ნოემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზეა – 6 1430 ლარი და 2 200 ამერიკული დოლარი.

მის ცოლსაც აქვს ამავე ბანკში 2 526 და 25 869 ლარი.

გუბერნატორის მიერ ერთი წლის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან მიღებულმა თანხამ 73 750 ლარი შეადგინა.

ეს არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან შონიას დეკალარაციაში დაცული მონაცემები.

მას 2017 წლის ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია.

წყარო: ლაივპრესი