ოზურგეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

637

ქალაქ ოზურგეთში, ნიკოლაძის ქუჩაზე, N4 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,შანსი 2010“ აწარმოებს. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ბაღი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და უახლესი ინვენტარით აღიჭურვება.

,,დღეს დავათვალიერეთ მეოთხე საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. სამწუხაროდ, ქალაქში მხოლოდ ეს ბაღი არ იყო გარემონტებული, რის გამოც პატარებსა და პედაგოგებს შეუსაბამო გარემოში უწევდათ ყოფნა. მოხარული ვარ, რომ მოვიძიეთ თანხები და აღნიშნული ბაღის გარემონტება დავიწყეთ. შენობის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვგეგმავთ ეზოს კეთილმოწყობას, რომლის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელები კომფორტულ და სტანდარტების შესაბამის გარემოში იქნებიან“,- განაცხადა ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

მეოთხე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 520 462 ლარს შეადგენს, ექვს თვეში დასრულდება. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი 120 ბავშვზე იქნება გათვლილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი