ადიგენის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

620

სამხრეთის კარიბჭე“ სამ ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში გაგზავნილ წერილზე პასუხს დღემდე ელოდება. გამოცემა წერილში დაბა აბასთუმნის სივრცითი მოწყობის გეგმის მიწოდებას ითხოვს.

ოქტომბრის დასაწყისში გამოცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს გოდერძი სხირტლაძეს ესაუბრა, მან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სამუშაო ობიექტზე იყო გასული და რომ დაბა აბასთუმნის სივრცითი მოწყობის გეგმა არ ჰქონდა.

“სამ ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით ვთხოვეთ მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია – დაბა აბასთუმნის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განვითარების გეგმა. ამ დრომდე (6 ნოემბერი) „სამხრეთის კარიბჭეს“ მერიისგან პასუხი არ მიუღია”.

რა არის საჯარო ინფორმაცია?

ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პრაქტიკულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

რა ვადაში უნდა მიიღო საჯარო ინფორმაცია?

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას;

რა ვადაში უნდა ეცნობოს განმცხადებელს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე?

საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.