რუსთავში ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

65

რუსთავში ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სამუშაოებს შპს “ტაო-ტბელი“ შეასრულებს. პროექტს კი “ქართუ ფონდი“ აფინანსებს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ისტორიულ ციხეზე დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო. ქალაქის მერი რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ნაზი პაჭიკაშვილსა და ადგილზე მომუშავე რესტავრატორებს გაესაუბრა. ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

როგორც რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პროექტის შეიმუშავებით, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა ,,ციხე-ქალაქ რუსთავის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციისა და მართვის“ გეგმა შეიმუშავა და წარადგინა.

“რესტავრაციისათვის პირველ ეტაპზე შერჩეულია სამი ლოკაცია. პროექტისათვის 120 ათასი ლარი, ფონდმა ,,ქართუმ“ გამოყო. მე ვფიქრობ, ეს ისტორიული რუსთავის ციხის აღდგენის დასაწყისია და დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივა დაწყებული საქმე“, – განცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

პროექტის მიხედვით, საწყის ეტაპზე მოხდება ციხის ყველაზე დაზიანებული – ჩრდილოეთ ზღუდის გამაგრება, კონსერვაცია-რეაბილიტაცია. სამუშაობში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რუსთავის ისტორიული მუზეუმი.

“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე დაიწყება ყველაზე მეტად დაზიანებული ციხის ჩრდილოეთ ზღუდის კონსერვაცია-გამაგრება. ეს მონაკეთი ჩამოშლის ზღვარზეა და სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქედან. უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის ციხე-სიმაგრე, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, ყველაზე გამაგრებული ნაწილია და მისი თითოეული მონაკვეთი, ძალზედ მნიშვნელოვანი ისტორიის შემცველია, შესაბამისად მისი კონსერვაცია-რეაბილიტაცია სასარგებლო და აუცილებელი საქმეა. იგი კარგად წარმოაჩენს შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღნაგობას, სტუქტურას და ზოგადად შუა საუკუნეების ციხეზე ბევრ ინფორმაციას გასცემს, როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, – განაცხადა რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა.