რას მიიჩნევს მაია ცქიტიშვილი მისი მინისტრობის პერიოდში ერთ-ერთ მთავარ შედეგად

826

ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ დღეს მის სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების სისტემა უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ეს წარსულში იყო. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შესყიდვებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდამ და ბიზნესთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციამ სახელმწიფო შესყიდვებში ახალი კომპანიების შემოსვლა გახადა შესაძლებელი.

მინისტრის თქმით, მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით უწყებას 250 ახალი მიმწოდებელი კომპანია ჰყავს.

“პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების, OECD-ის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ მეტყველებს თუ რამდენად წარმატებულია საქართველოს შესყიდვების სისტემა. 40 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ამ ორი დღის განმავლობაში მოხდება იმ შესყიდვების პრაქტიკების გაზიარება, რომელიც შემდგომში ჩვენც დაგვეხმარება, რომ  საქართველოს შესყიდვების სისტემა კიდევ უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი იყოს და უფრო თავისუფალი შესაძლო კორუფციული რისკებისაგან.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ სამინისტროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი უწყება საქართველოში და შესაბამისად, ჩვენთვისაც შესყიდვების გამჭვირვალედ და გამართულად ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ტენდერების ნაწილში, ჩემი მინისტრობის პერიოდში ალბათ მთავარი შედეგი არის ის, რომ თუნდაც დღეს არაა მითქმა-მოთქმა შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც სამინისტროში არის. ყველა შესყიდვა არის ძალიან გამჭვირვალე, ჩვენ შევცვალეთ ბევრი რამ შესყიდვებთან დაკავშირებით, გავხადეთ ინფორმაცია თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ბიზნესისთვის, ვმართავთ რეგულარულ შეხვედრებს ბიზნესთან, განვიხილავთ მათთანაც იმ პრობლემებს, იმ საკითხებს, რაც მათთვის შესყიდვეში შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი, რაც მათ არ აძლევს საშუალებას აქტიურად იყვნენ ჩართულები შესყიდვების პროცესში. ჩვენ მხოლოდ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში დაახლოებით, 250 ახალი შემსყიდველი გვყავს. 250 კომპანია, რომელიც მანამდე არ შემოდიოდა. მსგავსი სტატისტიკა გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვა ქვეუწყებების მიმართულებითაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შესყიდვების პროცესი არის უფრო გამჭვირვალე და უფრო კონკურენტუნარიანი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი,”- ამბობს მაია ცქიტიშვილი.