კვირიკაშვილი: ბაგრატს ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შევეცდებით, იუნესკოს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ

651

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გელათის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში დაბრუნებასა და ამ ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღებაზე ისაუბრა.

“გელათის სამონასტრო კომპლექსის დაბრუნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ქართველისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა, ასევე, თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იუნესკოსთან ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

“მოგეხსენებათ, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატის, ასევე გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დღეს ჩვენ პრაქტიკულად დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ბაგრატს ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ იუნესკოს, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება”, – თქვა პრემიერმა.