მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 3 ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

44

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 3 სახიდე გადასასვლელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. არსებული ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში, ხიდის სრული რეკონსტრუქცია განხორციელდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა.

„აღნიშნულ გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიდევ ორ ხიდს: მდინარე ქისტურაზე არსებულ ხიდს, რომლის ღირებულება 795 000 ლარია და მდინარე თერგზე არსებულ ხიდს, სადაც სამუშაოების ღირებულება 2 492 051 ლარს შეადგენს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.