კალაძე IDFI-ის კვლევის პასუხად: ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, საჭირო იყო და გამოიყენეს

116

წინა სტატია

“ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, საჭირო იყო და გამოიყენეს,”- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი IDFI-ის კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, თბილისის მერიის საწვავის ხარჯი, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 278 ათასი ლარით გაიზარდა.

“ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, განპირობებულია და მიმართულია აუცილებლობიდან გამომდინარე. ალბათ ამის საჭიროება იყო, ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, ამის საჭიროება იყო და იქნა გამოყენებული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2018 წელს თბილისის თვითმმართველობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დედაქალაქის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება და 2018 წლის წარმომადგენლობითი ხარჯებიც. IDFI-ის კვლევის თანახმად, მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიის ავტოპარკი 370 ავტომობილს ითვლის, საიდანაც 105 ერთეული 2018 წელს არის გამოშვებული. ასევე გაზრდილია მერიის მიერ საწვავში დახარჯული თანხებიც. მერიის ავტოპარკის საწვავით მომარაგება 2018 წლის განმავლობაში 1 671 201 ლარი და 28 თეთრი დაჯდა და ეს 2017 წელთან შედარებით 278 000 ლარით მეტია.