IDFI: 2018 წელს მერიამ ფურშეტებსა და რესტორნებზე 32%-ით მეტი – 366 000 ლარი დახარჯა

49

წინა სტატია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯი 2018 წელს 32%-ით გაიზარდა.

წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებს.

“2017 წელს ყველაზე დიდი წარმომადგენლობითი ხარჯი თბილისის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების გამართვისათვის გასწია და 30 ოქტომბერს შპს “ჯი-ემ-თი სასტუმროებს” 57 ათასი ლარი გადაუხადა.

2018 წელსაც ყველაზე დიდი ხარჯი წვეულების და ღონისძიების გამართვისთვის დაფიქსირდა. კერძოდ, მერიამ თბილისობის ფარგლებში 1,000 პერსონაზე გამართულ ფურშეტში შპს “ვანილა ივენთს” 81 ათასი ლარი გადაუხადა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მიერ გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017-2018 წლებში ჯამურად ასეთმა ხარჯმა 77,507 ლარი შეადგინა, თუმცა გაურკვეველია ამ თანხის გადანაწილება შესაბამის წლებზე, ასევე არ არის მითითებული ხარჯების კონკრეტული მიზნობრიობა. მათივე წერილში მითითებულია, რომ 2017 წელს საკრებულოს აპარატს სტუმრების გამასპინძლებასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურებაზე წარმომადგენლობითი ხარჯი არ გაუწევია, ხოლო ასეთმა ხარჯმა 2018 წელს 3495 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში.