წყალტუბოს სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება

521

იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრი წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც შპს „ჰერბიას“ მიერ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და რეგიონში სასათბურე კლასტერის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი.

წყალტუბოში ახალი ტურისტული შესაძლებლობები ჩნდება. ჩვენ გვეყოლება ათობით ათასი ვიზიტორი და ამ გაზრდილ მოთხოვნას სჭირდება ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციით მომარაგება. ჩვენ ვიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას – სასათბურე კლასტერის „იმერეთის აგროზონა” შექმნას. ამ პროექტს სამინისტროში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამუშავებდით.

სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია, ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რითაც რეგიონში ახალი შესაძლებლობები ჩნდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს სასათბურე სექტორის, როგორც დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირების გზით შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.

სამინისტროს ცნობით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის შედეგადაც გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება კლასტერის განვითარების კონცეფცია და გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყება სათანადო სამუშაოების განხორციელება.

ამასთან, შპს „ჰერბიამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოჰყავთ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა, აქედან 592,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,050,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

მათივე ცნობით, სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 1 200 ტ მწვანილი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ორი ახალი სასათბურე შეიქმნა და 34 გაფართოვდა.