გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის 3 000 კვ.მ-ზე ასფალტი დაიგო

650

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის დაგების სამუშაოები გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩის 3 000 კვ.მ-ზე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, ასევე ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია.

მათივე ცნობით, ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 38 000 კვ.მ ასფალტის ქვედა ფენა.

„გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.

„გლდანში ორი ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა. შესაბამისმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ, მუშაობა დაასრულეს და ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. შეიძლება ითქვას, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობა ქვედა ფენებში თითქმის სრულდება. რჩება 80 მეტრიანი მცირე მონაკვეთი, სადაც სხვადასხვა კომპანიამ – „თბილისი ენერჯიმ“, „სილქნეტმა“ უნდა აწარმოონ სამუშაოები. შემდეგ კი გზის საფარი ამ მონაკვეთზეც დაიგება. პარალელურად, ვეკუას ქუჩის გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ორივე ცენტრალურ ქუჩაზე გზა ქვედა ფენებში დაგებული იქნება. პარალელურად, ტროტუარის გაფართოების სამუშაოები, ბორდიურის ჩამოსხმა და ველობილიკების მოწყობაც ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩა გვექნება“, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.