627 დევნილი ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს

708

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს,- ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ჩვენ დღეს გამოვედით ინიციატივით და მთავრობამ დაგვიჭირა მხარი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს საკუთრებაში მიიღებს. ეს ოჯახები დღეს დე ფაქტო ცხოვრობენ იმ ბინებში, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო საკუთრებას, ჩვენ სიმბოლურ ფასად მათ გადავცემთ და ვუმკვიდრებთ საკუთრებაში ამ ბინებს. ეს შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე 19 დასახლებულ პუნქტს, ესაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი და ა.შ. ამ გადაწყვეტილების შედეგად ადამიანები დაიმკვირდებენ თავის მუდმივ, კანონიერ საკუთრებაში იმ ბინებს, რაც მათ ფაქტობრივად, აქვთ დაკავებული და რა თქმა უნდა, ეს მათი კეთილდღეობის მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია”, – განაცხადა თურნავამ პრესკონფერენციაზე.