ევროსაბჭოს სესიაზე რეზოლუცია „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“ მიიღეს

598

სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 37-ე პლენარულ სესიაზე რეზოლუცია „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა როლი დევნილთა დაცვის საკითხებში“, 100 ხმით 12-ის წინააღმდეგ მიიღეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში ასახულია საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებები, სადაც ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორ რეგიონში – აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე უკანონო და განგრძობადი სამხედრო ქმედებები, რითაც უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები. ცვლილებები, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის სრული წევრის, გიორგი ტყემალაძის მიერ 2019 წლის ივნისში, შტუდგარდში გამართულ ევროსაბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იყო წარდგენილი.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, „ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით ამ საკითხზე საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან კოორდინაციით. მიღებული რეზოლუცია ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ამ რეზოლუციაში უაღრესად პრინციპული და კრიტიკული პოზიცია არის ასახული რუსეთის აგრესიისა და განგრძობადი უკანონო ოკუპაციის შესახებ. ასევე, ვრცლად არის საუბარი ამ აგრესიის შედეგების შესახებ და საქართველოს გამოცდილებაზე იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ”. დოკუმენტში აღნიშნულია: „საქართველოს შემთხვევაში, ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, რომლებიც 1990-იან წლებში შეიარაღებული დაპირისპირებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად იქნენ გამოძევებული, კვლავ მოკლებულნი არიან თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას. საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა არის მიზეზი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გზით, რომელიც ართულებს წვდომას ჯანდაცვასა და განათლებაზე, ასევე, ოჯახებს შორის კავშირებს, წარმოქმნის უსაფრთხოების დამატებით რისკებს.“

დოკუმენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა როლსა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის, ჩართულობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საქმეში. ამ კუთხით, აღნიშნულია საქართველოს წარმატებული გამოცდილება – ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის განსაზღვრის საქმეში იძულებით გადაადგილებული ქალების ჩართულობის, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტი კახა კალაძე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.