აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი მომზადდა

747

აჭარაში, სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, გომარდულის განაშენიანების გეგმა და არქიტექტურული დიზაინი მომზადდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  პროექტი საზოგადოებას უკვე წარუდგინეს. მისი მიზანია სოფლის გადაქცევა ტურიზმის ცენტრად ოთხივე სეზონზე.

გომარდულის განვითარების გეგმა და არქიტექტურული დიზანი აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მომზადების ფარგლებში გაკეთდა.

უწყების ცნობით, ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, რომელიც მსოფლიოში წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“(PROPROJEKT) მოამზადა, რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო ადგილებად, გომარდულთან ერთად, ქობულეთი და ბათუმი შეირჩა.

აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი, შერჩეულ ტერიტორიებზე, პროფესიული და ელიტური საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობას ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული ბათუმ-ახალციხის ტრასაზე, ბათუმიდან 90 კილომეტრში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ აქ მოთხილამურეებისთვის 250-მეტრიანი ბაგირგზა და სათხილამურო ტრასა აშენდა. გომარდულში რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, კოტეჯი და რესტორანი ფუნქციონირებს. ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საკურორტო დასასვენებელი ადგილი ღომას მთა შედის.