ლევან ხაბეიშვილი: დედაქალაქის მერმა ვერ გაითავისა, რომ არის ქალაქის თავკაცი და არა ტაქსების „დისპეტჩერი“

708

დედაქალაქის მერმა 2 წლის განმავლობაში ვერ გაითავისა, რომ არის ქალაქის თავკაცი, თბილისის მერი და არა ტაქსების „დისპეტჩერი“ ან საგადასახადო ინსპექტორი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილი კალაძეს ურჩევს საგადასახადო სამსახურში გადაინაცვლოს, რადგან, მისივე თქმით, შესაძლოა, თბილისის მერი საუკეთესო საგადასახადო ინსპექტორი აღმოჩნდეს.

“მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერი, როცა „სითი პარკი“ გაყავდა არ დაპირებია მოსახლეობას, რომ „სითი პარკი“ იმიტომ გამყავს 10-ლარიან ჯარიმას, 50 ლარამდე გავზრდიო. მან თქვა, რომ სერვისი გაუმჯობესდებოდა, აღნიშნა, რომ მრავალსართულიანი პარკინგი აშენდებოდა დედაქალაქში და ამ მიმართულებით ამ პრობლემას გადაჭრიდა. ორი წელი გავიდა თითქმის და არანაირი საპარკინგე ადგილი დედაქალაქს არ დამატებია. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ დედაქალაქის მერმა 2 წლის განმავლობაში ვერ გაითავისა, რომ არის ქალაქის თავკაცი, თბილისის მერი და არა ტაქსების „დისპეტჩერი“ ან საგადასახადო ინსპექტორი. ყოველ მეორე მთავრობის სხდომაზე ეს ადამიანი გვამცნობს, რომ რაღაც გაძვირდება, ტაქსები უნდა გადაიღებოს და გადასახადი უნდა დაუწესოს, ავტომობილებმა დამატებით გადასახადები უნდა გადაიხადონ და ა.შ. ჩამოყალიბდეს დედაქალაქის მერი. მე მას ვურჩევდი, გადაინაცვლოს საგადასახადო სამსახურში, სადაც შესაძლოა საუკეთესო საგადასახადო ინსპექტორი აღმოჩნდეს, საბოლოო ჯამში იმიტომ, რომ მას ამ ქალაქის გაძღოლა ნამდვილად არ შეუძლია. დადასტურებულად, დოკუმენტალურად შეგვიძლია მოვყვეთ, რომ ამ კაცს თბილისელების ცხოვრების გაძვირების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები ავტობუსების პარკის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება.

ასევე იცვლება ჯარიმის გადახდის წესიც და სამართალდაღვევის ოქმი სპეციალურ ვებ-გვერდზე tp.ge-ზე განთავსდება. თუ პირი ჯარიმას გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, ის 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.