სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ახალი ვიდეორგოლი – “აღმოაჩინე აჭარის მთები“ გადაიღეს (ვიდეო)

68

“აღმოაჩინე აჭარის მთები“- ასე ჰქვია ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო.

ვიდეორგოლში წარმოჩენილია აჭარის მთები, ბუნება, ტრადიციები, სოფლის ყოფა, ფოლკლორი და სტუმარ-მასპინძლობა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი შემოდგომაზეა ტურისტებისთვის მიმზიდველი.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, სოფლის ტურიზმის საიმიჯო ვიდეორგოლი დეპარტამენტის დაკვეთით ფონდი “პარალელი-ს” გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა.

“ბოლო წლებში, აჭარა აქტიურად პოზიციონირებს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება. შესაბამისად, ამ ვიდეორგოლით შევეცადეთ გადმოგვეცა ის ტურისტული პროდუქტები და შესაძლებლობები, რაც მთიან აჭარას სოფლის ტურიზმის მიმართულებით გააჩნია. ესაა ის ტრადიციები, ფოლკლორი, კულინარია, ღვინის კულტურა და ნაქები სტუმარ-მასპინძლობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ულამაზესი ფერებიც, რაც წელიწადის ამ დროს მთიან აჭარაში შეგხვდებათ. ვიდეორგოლით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას იმოგზაურონ მთაში, იმოგზაურონ მთიან აჭარაში,“ – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.

“ეს რიგით მეცხრე საიმიჯო ვიდეორგოლია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით 2017 წლიდან დღემდე მოამზადა. ამას ემატება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლების სერიაც, სადაც ცნობილი ქართველები მაყურებელს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებდა. საიმიჯო ვიდეორგოლები აქტიურად გამოიყენება სამიზნე ქვეყნებში რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ და გარე რეკლამის წარმოებისას“, – განმარტავენ დეპარტამენტში.