ტაქსებს, რომლებიც 1 ოქტომბერს ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებს ჩამოაწერენ

58

წინა სტატია

ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს
დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.

“როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი. თქვენ იცით, რომ ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ის ტაქსის მფლობელები, რომლებსაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო“, – განაცხადა  კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან მხოლოდ ეს ორი კატეგორია გათავისუფლდება.

ცნობისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც სრულად არ შეუღებავთ ან არ გადაუკრავთ ავტომანქანისთის ფირი, დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.

დღეის მდგომარეობით თბილისში, დაახლოებით, 7 700 A კატეგორიის და 8 800 B კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.  ამასთან, თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა, სავარაუდოდ, აიკრძალება.