ქონების ეროვნული სააგენტო ახლა არკვევს, წყალტუბოში რამდენი სანატორიუმია მათ მფლობელობაში და რას ყიდულობს მათგან ივანიშვილი

786

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახლა არკვევს, წყალტუბოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმებიდან რამდენი ეკუთვნის მათ და შესაბამისად, არც ის იციან, რამდენ მილიონად მიჰყიდიან სასტუმროებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა წყალტუბოში არსებული ყველა – 22-ვე სანატორიუმი და 9 ბალნეოლოგიური აბანო შეისყიდოს და მათი სრული რეაბილიტაცია მოახდინოს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მართალია, ივანიშვილმა დაასახელა 22 სასტუმრო, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ ამ ქონებიდან შეიძლება ყველა არ იყოს მათ ბალანსზე, ამიტომ ჯერ ღირებულებაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„უძრავი ქონებიდან შეიძლება ყველა არ იყოს ჩვენი. ახლა ვარკვევთ, ჩვენი რამდენია. შეიძლება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის იყოს ნაწილი და ნაწილი შეიძლება იყოს სხვისიც. ჯერ ვარკვევთ, ჩვენი რა არის და ამის მიხედვით უკვე გავაკეთებთ კომენტარს… იქ ბევრი სანატორიუმია. 22 დასახელდა სახელმწიფო საკუთრებაში რაც არის, მაგრამ სახელმწიფო საკუთრება რაც არის, იქიდან ყველაფერი ჩვენი – ქონების ეროვნული სააგენტოსი არ არის და ამას ვარკვევთ ახლა. დაახლოებით 18 სანატორიუმი მახსოვს, რომლის გაყიდვასაც ბოლო წლების განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა, სამწუხაროდ, ინვესტორი ვერ მოიძებნა. რა ფორმით და როგორ მოხდება გაყიდვა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის,“- droa.ge-ს განუცხადეს სააგენტოში.

სააგენტოში, ასევე, ამბობენ, რომ ამ დრომდე ივანიშვილთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება არ ჰქონიათ.

ცნობისათვის, დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ წყალტუბოში გამოისყიდის უკლებლივ ყველა, 22 სასტუმროს და 9 აბანოს.

„მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მაისში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდდა, თუმცა, აუქციონი ჩაიშალა. ამჯერად კი უცნობია, რა ღირებულების იქნება ახალი საპრივატიზაციო პაკეტი.