აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი 11%-ით იზრდება

791

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურული პროექტებია. დოკუმენტის პრეზენტაცია რამდენიმე წუთის წინ მთარობის გასვლით სხდომაზე გაიმართა.

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი იზრდება 11 პროცენტით და 290 მილიონი ლარი იქნება.

“ბიუჯეტში გავითვალისწინეთ ყველა ის გამოწვევა და ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის აჭარის რესპუბლიკის ბიუჯეტი იქნება აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობის ბიუჯეტი და ეს ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროა როგორც სოფლად, ასევე ქალაქში და რაც არის წინაპირობა ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის.

ამასთან, მინდა შევეხო მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც კვლავ რჩება გამოწვევად, თუმცა ჩვენ, როგორც რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმატში, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფორმატში შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას. ყველაზე დიდ სოციალურ გამოწვევას რეგიონში – ესაა ოცნების ქალაქის პრობლემის მოგვარება. წლევანდელ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი აღნიშნული საკითხის მოსაგვარებალად. ასევე, იყო გამოწვევა ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ შემდეგი თვეების განმავლობაში უფრო აქტიურად იმუშაოს კონტრაქტორმა კომპანიამ. მინდა ხაზი გავუსვა რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტს, რომელიც უკვე პრაქტიკულად დასრულდა, გადავდივართ აღჭურვის ნაწილზე. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მალე გვექნება სიახლეები ამ მიმართულებით „ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ გაზიფიცირების და წყალმომარაგების კუთხით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით 30 სოფელზე მეტი გაზიფიცირდება.

პრეზენტაციაზე ყველაზე დიიდ დრო ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაეთმო, რომელიც 18 პროცენტით იზრდება, მინისტრის შეფასებით ეს ციფრი უპრეცედენტოა.

ბიუჯეტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.