სოფელ ოქროყანაში 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს

419

სოფელ ოქროყანაში 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მატივე ცნობით, 30 ოჯახი ოქროყანაში 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა, თუმცა მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ქონება მათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

“ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. ოქროყანაში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად 30 ოჯახს დაუკანონდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ აქ, ბევრი მათგანი დევნილია, ბევრი შესახლებულია, სახლის გარეშე დარჩენილი. ისინი ათეული წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებდნენ, რომ ფართები მათ საკუთრებაში ყოფილიყო. ძალიან მიხარია, ამდენ ბედნიერ და გახარებულ ადამიანს ვხედავ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვჩერდებით, გავაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას. ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართონ ადგილობრივ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. შემდეგ ეს გადმოიგზავნება თბილისის მერიაში და ჩვენ მოვახდენთ ფართების დაკანონების პროცესს. ამდენად, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.