ჭუბერში სკოლის ასაშენებლად ორ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო

1474

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ახალი სკოლის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნული მშენებლობისთვის ორ მილიონ 470 ათასზე მეტი ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ახალ, 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია უნდა იყოს. ამასთან, შენობაში ბუფეტი, სველი წერტილები და ბიბლიოთეკა წიგნ-საცავითაცაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, სკოლის ეზოში რეკრეაციული სივრცეც უნდა მოეწყოს.

ამ დროისთვის ჭუბერში ორი სკოლა ფუნქციონირებს. ახალი სკოლა კი ერთ-ერთ მათგანს ჩაანაცვლებს. ტენდერში წინადადებები 22-დან 27 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.