დავით ტაბიძე: მგფ-მა სკოლების მშენებლობაზე 59 ტენდერი გამოაცხადა და აქედან 57 კონტრაქტი უკვე გაფორმებულია

1084

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული მდგომარეოისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის დავით ტაბიძის ინფორმაციით, ფონდმა სკოლების მშენებლობაზე სულ 59 სამშენებლო ტენდერი გამოაცხადა და აქედან
57 კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

“10 ობიექტზე სამშენებლო სამუშაო დაწყებულია, სხვაგან ჯერ პროექტიორების ეტაპზე ვართ და წლის ბოლომდე ჩავიბარებთ, შემდეგ კონტრაქტორები დაიწყებენ მუშაობას. მხოლოდ ორ სკოლაზე ნოემბრის შუა რიცხვებში ველოდებით გამარჯვებულის გამოვლენას, ამ პროექტების ჯამური ღირებულება კი 132 მილიონი ლარია. წელს ამ მიმართულებით გათვალისწინებული გვქონდა 50 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი ნაწილი უკვე ათვისებულია. პროექტები სხვადასხვა სიმძლავრისაა – არის 60 ბავშვიანი, 90 ბავშვიანი, 150 ბავშვიანი და მაქსიმუმ 600 ბავშიანი სკოლები, ასეთია მაგალითად დაბა ნასაკირალსა და ურეკში,“ – აღნიშნა დავით ტაბიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის მიმართულებით 31 ტენდერი გამოაცხადა და აქედან 13 ობიექტზე სამშენებლო სამუშაო უკვე მიმდინარეობს.