ადიგენის გამგებელი: „მთის კანონის“ ამოქმედების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს“

1452

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა იმ შეღავათებით მოსარგებლე გახდა, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს.

როგორც Guardian.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ განუცხადა, აღნიშნული კანონის წყალობით, „ძალიან ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს“, რადგან შეღავათები მრავალი მიმართულებით არის გათვალისწინებული.

„მაღალმთიანი დასახლების სტატუსით ადიგენის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან, 43 სარგებლობს. „მთის კანონის“ ფარგლებში მოსახლეობა ბევრი შეღავათით სარგებლობს, მათ შორისაა, განახევრებული კომუნალური გადასახადები, ახალდაბადებულ ბავშვებზე 100-ლარიანი დახმარება ერთი წლის განმავლობაში, მესამე და მომდევნო ბავშვებზე 200-200-ლარიანი დახმარება ორი წლის განმავლობაში, მედპერსონალისთვის გაზრდილი ხელფასები, პედაგოგებისთვის გაზრდილი ხელფასები, გაზრდილი პენსიები, სამეწარმეო საქმიანობა გათავისუფლდა გადასახედებისგან და ა.შ. ჩვენ ამ კანონის რეალიზების ნიშნები გვაქვს უკვე, რაც გამოიხატება იმაში, რომ გაჩნდა სურვილი ადიგენის მუნიციპალიტეტში ფარმაცევტული საწარმოს შექმნის. ეს პიროვნება არის ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, მას გაუჩნდა ამ საწარმოს ამუშავების სურვილი სწორედ ამ „მთის კანონიდან“ გამომიდინარე, რადგან სამეწარმეო საქმიანობა 10 წლით გათავისუფლებულია გადასახადებისგან. 10 წელი ის დროა, რომ ამ პერიოდში ბიზნესმა შეძლოს თვითგანვითარება, ზუსტად ამაზეა გათვლილი. ძალიან ბევრი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს“, უთხრა ადიგენის გამგებელმა Guardian.ge-ს და დაამატა, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთავრობის მიერ დაფუძნებული პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის წყალობითაც უფრო მძლავრად ვითარდება ბიზნესი.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან უწყობს ხელს ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა ბიზნესიდეის განხორციელებაში. 2014 წელს გვქონდა 16 კოოპერატივი, დღეს გვაქვს 56 კოოპერატივი, იგივე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები. ასევე დაფინანსებული გვაქვს ჩვენ 6 რძის გადამამუშავებელი საწარმო. სამი დავაფინანსეთ შარშან, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, დასაქმებულია ხალხი და უშვებს თანამედროვე სტანდარტების რძის პროდუქციას, სამს ვაფინანსებთ წელს, ანუ წლის ბოლოს გვექნება 6 საწარმო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამი წლის წინათ ასეთი რამ არ არსებობდა“, ამბობს ადიგენის გამგებელი, რომლის ინფორმაციითაც, ამ ეტაპზე პროდუქცია ქართულ ბაზარზე გადის, თუმცა, სამომავლოდ გათვლილია ევროპული ბაზრისთვისაც.

„შარშან თუ ევროპულ ბაზარზე მხოლოდ ოთხი სახის პროდუქცია გადიოდა საქართველოდან, წელს უკვე 16 გადის. ჩვენ ვასრულებთ იმ მოთხოვნებს რაც აქვს ევროპას, რაც არის გაწერილი ევროინტეგრაციის პროცესისთვის და ამ ყველაფერს ვასრულებთ არათუ კარგად, არამედ ზედმიწევნით კარგადაც კი. ეს არ არის მოსახლეობისთვის, ამომრჩევლებისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ როგორმე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გავიხანგრძლივოთ – არა, ეს სიმართლეა. სწორად უდგება ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დაიდება ძალიან კარგი შედეგი“, აცხადებს ზაქარია ენდელაძე.

წყარო: გარდიანი