აბასთუმნის საბაგირო მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს

911

სამგზავრო საბაგირო გზა „აბასთუმანი-ყანობილი“ ნოემბრიდან გაიხსნება, ამავე პერიოდში დასრულდება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებიც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

საბაგირო გზის რეაბილიტაციას აბასთუმანში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტის ნაწილია.

„საბაგირო გზა თითქმის დასრულებულია. ობსერვატორიის რეაბილიტაცია და საბაგირო ერთობლივი პროექტია და ერთად გაიხსნება“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტი სატენდერო დოკუმენტების მიხედვით 3 422 554 ლარად ხორციელდება. თანხის 20% სახელმწიფო 80%-ს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ამ თანხიდან „აბასთუმანი-ყანობილი“ საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 961 287 ლარი განისაზღვრა.

ფონდში აცხადებენ, რომ თითქმის დასრულებულია აბასთუმანში, თვრამეტი სახლის რეაბილიტაციის პროცესიც. მათ ადგილობრივები დეკემბერში ჩაიბარებენ: „ვიყავით აბასთუმანში დავნახეთ, რომ მხოლოდ შიდა სამუშაოებია დარჩენილი. სახლების ჩაბარების ვადა კონტრაქტორს დეკემბრამდე აქვს. ჯერ-ჯერობით რაიმე ცვლილება პროექტში არ მომხდარა“.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული საკუთრების მოვლა–პატრონობის თაობაზე მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს გააფორმებს.

სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.