გორის მერია: ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

1365

გორში ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, მერიამ ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრი კედლის მოსაწყობად საჭირო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებების მიღება 4 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესყიდვის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

“გარდამავალი პროექტის სატენდერო ღირებულება 1 752 020 ლარია. 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, უშუალოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩას დააკავშირებს, 370 მეტრი იქნება.

ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩები), რაც ხელს შეუწყობს ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას,“ – აცხადებენ მერიაში.