ახალგაზრდები თელავის სოფლებში არაფორმალური განათლების ცენტრების გახსნას ითხოვენ

75

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები სოფლებში არაფორმალური განათლების ცენტრების გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, სკოლიდან გამოსვლის შემდეგ არ აქვთ სივრცე, სადაც შეიკრიბებიან,  შეხვედრებს დააორგანიზებენ ან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ახალგაზრდები თვითმმართველობას სთხოვენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში სოფლებში არაფორმალური განათლების და გასართობი სივრცეების შექმნა გაითვალისწინონ.

“ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა გვეძლეოდეს, რომ განვვითარდეთ და ფორმალური განათლების იქითაც არაფორმალური განათლება მივიღოთ.  თელავში როგორც ქალაქში მეტნაკლებად არის ამის შესაძლებლობა, გვაქვს ამერიკული კუთხე, ბიბლიოთეკა და ისეთი ადგილები, სადაც თვეში ერთხელ მაინც ერთჯერადად მაგრამ ღონისძიებები იგეგმება. სოფლებში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა.

სკოლიდან რომ გამოვდივართ, წასასვლელი არ გვაქვს, რომ საღამოს შევიკრიბოთ, აზრები გავცვალოთ, დავაორგანიზოთ ღონისძიება, არ არის ამისი არც სივრცე, არც თავისუფალი ადგილი.

მაგალითად სოფელ აკურაში ერთადერთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, ისიც საღამოს 6 საათამდე და არის საშინელი პირობები. იქ საერთოდ რაიმე ღონისძიებების დაგეგმვაზე ლაპარაკი არც არის’’,– აცხადებს თელავში მცხოვრები ანა ჯანელიძე.