სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული 4 808 პროექტიდან, ამ ეტაპზე, 3 212 უკვე დასრულებულია

510

მოსახლეობის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული 4 808 პროექტიდან, ამ ეტაპზე, 3 212 უკვე დასრულებულია, მათი სავარაუდო ღირებულება 46 მილიონი ლარია. დანარჩენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, პროგრამით მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება, 10-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).

სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულებულ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. ორწლიანი შეჩერების შემდეგ კი მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა და წელს მისი ბიუჯეტით, რომელიც 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, 4 808 პროექტი განხორციელდა.