ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

114

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.