ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

1320

ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 20-დან 22-მდე გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც,– ნათქვამია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის 18 423 973.36 ლარი დახარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 19 937 101.26 ლარი შეადგინა, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, ეს ხარჯი 5 831 839.22 ლარია. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის მერიამ იურიდიულ პირებზე 23 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს.

ეს მონაცემები არასრულყოფილია, რადგან ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული 22 იურიდიული პირიდან ერთმა, „ქუთაისის ლიფტმა” გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. გარდა ამისა, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ორი შპს: „უქიმერიონი” და „გუმათის საექიმო ამბულატორია” არ ფუნქციონირებს, ხოლო შპს ”პარკინგსერვისის”, შპს “ქუთაისის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის”, შპს “ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის” და შპს “ქართული ტრადიციები 2011”-ის სუბსიდირება ბიუჯეტიდან არ ხდება. შპს “პარკინგსერვისმა” 2015 წელს ბიუჯეტიდან მიიღო 300 000 ლარი, შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირდაპირი სუბსიდია არ მიუღია – ფუნქციონირების დაწყების დღიდან “პარკინგსერვისი” მერიას იჯარის თანხას სრულად არ უხდის. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს დავალიანება 1 მლნ 240 ათას ლარზე მეტი იყო და ამჟამად, მერიის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს დაგროვილი დავალიანების გადავადების პროცესი.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოკვლეული ინფორმაცია ეხება მხოლოდ 15 იურიდიულ პირს – იმ მუნიციპალურ ორგანიზაციებს, რომლებმაც გამოთხოვილი ინფორმაცია მოგვაწოდეს და რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება მუნიციპალურ იურიდიულ პირებში:

როგორც მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2017 წლიდან დღემდე იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 145-ით არის გაზრდილი. ამჟამად მოქმედ 15 იურიდიულ პირს სულ  3894 თანამშრომელი ყავს.

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალური შპს-ებიდან 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს შპს “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს”; შპს “საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010”-ს და შპს “საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს”.

2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებიდან ყველაზე მეტი – 1657  დასაქმებული ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას ჰყავს, შრომის ანაზღაურებაც ყველაზე მეტი – 1,821,166 ლარი ამ გაერთიანებამ დახარჯა, თუმცა ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ანაზღაურება ერთ დასაქმებულ თანამშრომელზე ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აქვთ – 366.66 ლარი. 2019 წლის მდგომარეობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 37 მუნიციპალური საბავშვო ბაღია.

იმ მუნიციპალური შპს-ებიდან,  რომელთაც ინფორმაცია მოგვაწოდეს, ყველაზე მეტი – 30  დასაქმებული შპს „საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს”  ჰყავს, შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მეტს კი  შპს  “საკალათბურთო კლუბი ქუთაისი -2010”-ი ხარჯავს.

ქუთაისის იურიდიული პირებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა და ხარჯი 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით

ბოლო სამი წელია, ქუთაისის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ხარჯებით ლიდერობს  ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები”: 2017 წელს მან გახარჯა 263,596.6 ლარი, 2018 წელს – 265,895.9 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში – 110,844 ლარი.

წარმოდგენილი იურიდიული პირების მიერ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით გაწეული მივლინების, სატელეკომუნიკაციო და წარმომადგენლობითი ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:

დასკვნა და რეკომენდაციები

საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ გამოვიდა მცირე ზომის მთავრობის აუცილებლობის ინიციატივით, რაც პირველ რიგში სახელმწიფო ბიუროკრატიის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს; მეორე მხრივ, კი სახეზეა  ა(ა)იპების, სახელმწიფო შპს-ების და მათში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა.

საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიც ერთპიროვნულად ნიშნავს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელიც ერთპიროვნულად იღებს ყველა საკადრო გადაწყვეტილებას. ეს არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეირჩეს უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი იურიდიული პირების შენახვაზე 23 მილიონ ლარს ხარჯავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ უახლოეს პერიოდში, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პარალელურად  უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ის ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გადადგას ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე: ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.

გადახედოს არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი“, – ნათქვამია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში.