ზესტაფონში ახალი პროფესიული კოლეჯი აშენდება

926

სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროფილის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სამინისტროსა და m2-ის შვილობილ კომპანია  BK Construction შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებასა და განვითარებას  გულისხმობს.

ახალი კოლეჯი, დუალური საგანმანათლებლო პროგრამებით წელიწადში 200-ზე მეტ სტუდენტს მოამზადებს და მსურველებს ასევე შესთავაზებს 20-ზე მეტ მოკლევადიან პროფესიულ კურსს საინჟინრო მიმართულებით. კოლეჯის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებელი სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც უმასპინძლებს. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს, რომელიც m2-ის ობიექტებზე ჩატარდება. კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილსაც m2 და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე დაასაქმებს.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გრძელდება რეგიონებში  პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატის გამოყენებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.  განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, როგორც სამინისტროსთვის, ასევე „m2“-ისთვის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან კომპანიის მიზანს საკუთარ პროექტებში მხოლოდ პროფესიონალების დასაქმება წარმოადგენს, რასაც ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაც შეუწყობს ხელს.