A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც სრულად არ შეუღებავთ ან არ გადაუკრავთ ავტომანქანისთის ფირი, დაჯარიმდებიან

642

წინა სტატია

დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანის ყველა ნაწილი არ აქვთ შეღებილი ან ფირი სრულად გადაკრული, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას დაექვემდებარებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ საჭიროება არსებობს, ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

“რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ A კატეგორიის ტაქსების ნაწილი სრულად არ არის გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამის საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება.

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ავტომანქანა სრულად არ იყოს შეღებილი ან ფირი სრულად არ ჰქონდეს გადაკრული და ისე დადიოდეს. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მსგავს შემთხვევაში, დაჯარიმდებიან და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა თავიანთი ავტომანქანები იმ სტანდარტის ფარგლებში უნდა მოაქციონ, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან არის დაწესებული.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.

დღეის მდგომარეობით თბილისში, დაახლოებით, 7 700 A კატეგორიის და 8 800 B კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.  ამასთან, თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა, სავარაუდოდ, აიკრძალება.