მიუსაფარ ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაციისთვის ახალციხიდან გორში გადაიყვანენ

740

მიუსაფარი ცხოველებისათვის ვეტერინარული პროცედურების ჩასატარებლად, ახალციხის მუნიციპალიტეტმა გორის ცხოველთა თავშესაფართან ხელშეკრულება გააფორმა. მერის ინფორმაციით, ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაცია გორში ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც, მათ ისევ ახალციხეში დააბრუნებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, იქამდე, სანამ სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური პროექტი განხორციელდება და ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება, ძაღლებს კასტრაცია სტერილიზაციის პროცესს გორში ჩაუტარებენ: „ასე შევთანხმდით, დავიჭერთ და რამდენიმე დღე ჩვენთან მოვათავსებთ ძაღლებს. შემდეგ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ წავიყვანთ აქედან, იქ დამუშავდება და უკვე დავაბრუნებთ ამ ცხოველებს უკან. ასე მონაცვლეობით შევეცდებით, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ“.

მელიქიძის თქმით, ამისათვის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი მანქანა და ვოლიერები უკვე შეიძინა.

რაც შეეხება თავშესაფრისთვის სამშენებლო ტენდერის გამოცხადების საკითხს, ახალციხის მერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს სტანდარტული ვოლიერების რაოდენობა არ გაუზრდია და პროექტში ცვლილებები სხვა კუთხით შევიდა: „მოქალაქეების მოთხოვნა იყო, რომ ცხოველებისთვის სასტუმრო გაგვეკეთებინა ანუ ვიღაცა რომ დასასვენებლად მიდის, ცხოველის დატოვება შეეძლოს. ჩვენ დავამატეთ ეს ნაწილი და არა ვოლიერების რაოდენობა“, – ამბობს ზაზა მელიქიძე. მისივე თქმით, სასტუმროს დამატებას პროექტის ბიუჯეტში ცვლილება არ გამოუწვევია: „ეს ვოლიერები ერთი და იგივე კონსტრუქციის ოთახებია, თუმცა ეს ხარჯთაღრიცხვაში აბსოლუტურად არაფერს ცვლის. არცერთი წამით იფიქროთ, რომ ამან შეაფერხა მუშაობა“.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს პროექტის თავდაპირველი ვარიანტის ავტორი, ლაშა გეგეჭკორი. მისი თქმით, პროექტში, რომელიც მან მუნიციპალიტეტს გადასცა 40 ვოლიერის მშენებლობა იყო გათვალისწინებული, ახალ ვარიანტში კი მისი რაოდენობა 250-მდეა, რამაც ბიუჯეტის ზრდა გამოიწვია.

ფინანსური მხარის მოსაძიებლად კი მუნიციპალური განვითარების ფონდი დონორებს ეძებს.

„მიცემული მქონდა იქ 40 საერთო განთავსების ვოლიერი და ამან 250-მდე გაზარდა. ანუ 150 ვოლიერი სასტუმრო იქნება?! სადაა ასეთი მოთხოვნა? მგფ-მა ოფიციალურად მითხრა, რომ თანხის ზრდა ვოლიერების რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია, თან რთული კლიმატია და გათბობის ხარჯებიც საკმაოდ ძვირი ჯდება. კახეთში 1 700 000 ჯდება, სადაც რვა მუნიციპალიტეტს უნდა მოემსახუროს და მანდ ექვსი მუნიციპალიტეტისთვის ოთხი მილიონი როგორ სჭირდება. კახეთში ბევრად მეტია ძაღლების რაოდენობა, ვიდრე სამცხე-ჯავხეთში“, – ამბობს გეგეჭკორი.

ცხოველთა თავშესაფრის პროექტში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. 2018 წლის ნოემბერში, როგორც მერიამ განაცხადა, თავშესაფარი ახლციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხაში, უკვე არსებულ შენობაში უნდა განთავსებულიყო. თუმცა ცვლილების მიხედვით, თავშესაფრისთვის ახალი შენობა უნდა აშენდეს: „შენობა, სადაც თავშესაფარი უნდა განთავსებულიყო საპროექტო ორგანიზაციამ შეისწავლა. აქ ისედაც იგეგმებოდა ამ ოთახების დაშლა და ახლის აღდგენა. მაგრამ გადაწყდა, რომ ახალი უნდა აშენდეს. იქ ერთი ადმინისტრაციის შენობა დგას და ეგ დაიშლება თუ დარჩება ეს არის გადასაწყვეტი, ისე ეგ არაფერს უშლის. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა გამზადებულია“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ცხოველთა თავშესაფრისა და მათი ვეტერინალური დამუშვების შესახებ, ახალციხის მუნციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ დღეს, 22 ოქტომბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქსელის წარმომადგენლების ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე ისაუბრა.