თბილისის მერია: მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

901

წინა სტატია

მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

პროექტის მიხედვით, “112-ის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ “აგროჰაბსა“ და “მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

“ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. იცით, როგორ ვითარდება მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. მხოლოდ და მხოლოდ ორი მისასვლელი გზა აქვთ: ერთი – საბურთალოდან, ნუცუბიძის ქუჩიდან და მეორე – ვაშლიჯვრიდან, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. ეს ახალი პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა და ამ გზის მშენებლობის სახით, დამატებით ახალი პროექტი განხორციელდეს. კომპანიებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირის დონეებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 200 მეტრია. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლითაც დედაქალაქის მოსახლეობა ძალიან მალე ისარგებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მისი ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს.