ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ფოთში მოკვლევის შედეგად გამოვლინდა

1473

ფოთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებას ითხოვს, – ეს საჭიროებები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს წევრებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ცალკეული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება, ავტოსადგურის რეკონსტრუქცია, ცენტრალური პარკის, განსაკუთრებით კი საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება, ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობა, ფოთის ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მშენებლობა, ეს ნაწილია იმ საჭიროებების, რისი მოგვარებაც მომდევნო წლის ბიუჯეტში ადგილობრივებს სურთ.

ასევე, მოსახლეობა ითხოვს დაზიანებული ელექტრო ბოძების შეცვლას, გარეგანათების მოწესრიგებას, ქუჩებზე ე.წ. ზებრა გადასასვლელების აღდგენას, ახალი ავტობუსების შეძენას და მოქალაქეებზე მორგებული გადაადგილების გრაფიკის დაწესებას. მოსაცდელების დამატებას ფოთის ოთხივე უბანში და არსებულის რეკონსტრუქციას.

სანიაღვრე არხების გაწმენდა, ველობილიკების მოწყობა, ცენტრალურ ქუჩებზე ნაგავშემკრები კონტეინერების დამატება – ის პრობლემებია, რომლებზეც მოსახლეობა საუბრობს.

“გამჭვირვალობის” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა საჭიროებები ზუგდიდშიც აღრიცხეს. პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქ უკვე წარუდგინეს.

არასამთავრობოს წარმომადგენლის თქმით, მოქალაქეები ითხოვენ გზებს, ამბულატორიებს სოფლებში, სათამაშო მოედნების, სანიაღვრე არხების მოწყობას, ბაღების მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას 21 საათამდე. ასევე მინი სტადიონების რეკონსტრუქცია, შუქნიშნების გამართვა, გზების აღდგენა ნაწილია საჭიროებების, რომლის მოგვარებაც ზუგდიდელებს სურთ.

ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ამ პრობლემებს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.

“მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებმა ჩვენი სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების შესწავლა დროულად დაიწყონ ბიუჯეტებში მათი ასახვის მიზნით”, – ნათქვამია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.