ქუთაისის ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების“ 60 თანამშრომელი, შესაძლოა, ანაზღაურების გარეშე დარჩეს

622

ქუთაისის ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების“ 60  შტატგარეშე თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვის სახსრები აღარ აქვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მერიას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ საბიუჯეტო წლის მიწურულს თანხების 80% უკვე გახარჯა, მაშინ, როცა 60 დასაქმებულზე სამი თვის ხელფასი აქვს გასაცემი.

სახელფასო ფონდის ნაწილში პრობლემის არსებობას ადასტურებს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი, კონსტანტინე ჯავახაძე.

ჯავახაძემ ამის შესახებ საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

“სავარაუდოდ, პრობლემა გვექნება შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასების  ნაწილში. დანარჩენზე გვეყოფა, მაგრამ ამ ნაწილში გვაქვს პრობლემა“, – განაცხადა კონსტანტინე ჯავახაძემ სხდომაზე.

დეპუტატები დაინტერესდნენ, რა გამოსავალს ხედავს ააიპის ხელმძღვანელი, თუმცა, მას  პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზაზე არ უსაუბრია.

“უკვე სხვა გზა არ არის“, – განაცხადა კონსტანტინე ჯავახაძემ სხდომაზე.

მოგვიანებით კი,  ჟურნალისტებთან თქვა, რომ სინამდვილეში პრობლემა თეორიულია და ააიპი თანამშრომლებს ხელფასს საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის.

“ის შტატგარეშე თანამშრომლები,  ძირითადად,  არიან სეზონურ სამუშაოზე.  მაგალითად,  უკვე დასრულდა თიბვის სეზონი და მათ, რომლებიც ამ სამუშაოს ასრულებდნენ,  შეუწყდებათ ხელშეკრულება. პრობლემა შეიძლება დადგეს ხელფასების ამ ნაწილში, თუმცა, ჩვენ გვაქვს საკუთარი შემოსავლები და  აქედან მოხდება ანაზღაურება“,  -განაცხადა ააიპის ხელმძღვანელმა.

საკმარისი იქნება თუ არა ეს თანხები იმისთვის, რომ შტატგარეშე თანამშრომლებმა სამი თვის განმავლობაში ხელფასი შეუფერხებლად აიღონ,  უცნობია.

კონსტანტინე ჯავახაძე ამბობს, რომ  ააიპი წლიურ გეგმას მიყვება, თუმცა, რატომ აღმოჩნდა ორგანიზაცია ამ პრობლემის წინაშე  საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სამი თვით ადრე, კონკრეტული პასუხი არ აქვს.

“სპეციალურ სერვისებში“ სულ  494 თანამშრომელია დასაქმებული. ააიპის ბიუჯეტი 5 945 000 ლარია, საიდანაც ორგანიზაციამ  4 177 000 ლარი უკვე დახარჯა.