ხმალაძე: თბილისში ნაკადების მართვის სისტემა რამდენიმე თვეში ამოქმედდება

644

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ, ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე მოხდება დეტექტორების მონტაჟი, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა.

”დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისრტემა, რომელიც გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში.

კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს მოხდება დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი ან გატარება-შეზღუდვის დრო, შეიძლება მოდელმა მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცემერის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები და სისტემა ქალაქში ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.