გორის მუნიციპალიტეტში სექსუალური შევიწროების შესახებ კვლევა ტარდება

579

გორის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე კვლევის შედეგები გამოქვეყნდება, რომელიც გოგონათა/ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტებს ეხება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ინიციატივა კარალეთის „ქალთა სოლიდარობის ცენტრს“ ეკუთვნის, რომელსაც ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

ორგანიზაცია დაახლოებით 100 ადგილობრივ ქალს გამოკითხავს. შედეგებს კი პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, დეკემბრის შუა რიცხვებში წარმოადგენს.

კვლევის მიზანია ადგილობრივ დონეზე გამოიკვეთოს თუ რა ვითარებაა ამ მხრივ შიდა ქართლის რეგიონში. რას მიიჩნევენ ქალები სექსუალურ შევიწროვებას, სად აქვთ ასეთ ფაქტებს ძირითადად ადგილი რეგიონში და რა ზომებს მიმართავენ ქალები, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში. ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სპეციალურად მომზადებული კითხვარი შეიცავს.

“გამოკითხვაში მონაწილეობა შიდა ქართლში მცხოვრებ ყველა ქალს შეუძლია. მისი შევსება კი ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი. კვლევის მიზანია გამოავლინოს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ შიდა ქართლში, რამდენად აქვთ ქალებს ინფორმაცია სექსუალური შევიწროების შესახებ და რაში ხედავენ ისინი გამოსავალს. ეს თემა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტშიც მსგავსი ფაქტების გამოვლენამ ბოლო დროს მასიური ხასიათი მიიღო“, – ამბობს კარალეთის ქალთა სოლიდარობის წარმომადგენელი მარიამ თედლიაშვილი.