რატომ დატოვა ხულოს მერიამ სპეციალური საჭიროების მქონე პირი სამსახურის გარეშე

788

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ეტლით მოსარგებლე იმედა ბოლქვაძე, მუნიციპალიტეტის მერიამ სამსახურისგარეშე დატოვა. მის ისტორიას ტვ25 ავრცელებს.

იმედა ბოლქვაძე მერიაში პიარ სპეციალისტად მუშაობდა. ის მასზე დავალებულ ფუქციას დისტანციურად ასრულებდა – ესეც იმიტომ, რომ დაწესებულება ადაპტირებული არ არის.

სოფელ განახლებაში მცხოვრები იმედა ბოლქვაძე ხულოს მერიაში დასაქმებული ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას დისტანციურად ასრულებდა. იმედა ეტლით მოსარგებლეა და სახლიდან მუშაობის მიზეზსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა განაპირობებდა. არსებული რთული ვითარების მიუხედავად, მერიამ მას, წერილობით აცნობა, რომ 10 ნოემბრიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებდა, თუმცა რა გახდა გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია.

როგორც იმედა ყვება, სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეების გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება – ეტლი კომუნიკაციისთვის ხულოში თითქმის გამოუსადეგარი ხდება, რადგანაც გარემო არ არის ადაპტირებული.

პიარ სპეციალისტად მუშაობამდე ვებ დეველოპერი იყო, თუმცა ტექნიკური დავალებების შესრულებისას მისი ჯანმრთელობის მდგომაროება გართულდა. პროგრესირებადმა დაავადებამ მხედველობის პრობლემა შეუქმნა.

საკითხზე ხულოს მერიაში განმარტეს, რომ იმედა ბოლქვაძე დროებითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული. რეალურად რა გახდა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანის გათავისუფლების მიზეზი უწყებაში არ აკონკრეტებენ.

ამ ეტაპზე თვითმართველობას, სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქე არ ჰყავს დასაქმებული. ცნობისთვის, ხულოს მერიის შენობა არ არის ადაპტირებული.