ზუგდიდში თამარ მეფის, გამსახურდიას და თაბუკაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

909

ზუგდიდში თამარ მეფის, გამსახურდიას და თაბუკაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამივე ცენტრალურ ქუჩაზე სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. გზასთან ერთად ეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

თამარ მეფის ქუჩაზე გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, ამჯერად 2,3 კილომეტრიან გზაზე ასფალტის მეორე საფარის გადაგება მიმდინარეობს. თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზეც. მისი ღირებულება 4,7 მილიონი ლარია. რეაბილიტირდება 2,4 კილომეტრზე მეტი გზა, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ღია ტიპის სანიაღვრე და ტროტუარები.

თაბუკაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ამჯერად გრუნტის მომზადების ეტაპზეა. გზასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.