მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებს

571

მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ ბანკის ვიცეპრეზიდეტმა სირილ მიულერმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მთავრობის რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

ამასთან, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.