გორის მერიაში მსჯელობენ საკითხზე, რატომ ვერ გაამართლებს გორში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის არსებობა

916

როგორ სრულდება ნარჩენების მართვის გეგმა გორის მუნიციპალიტეტში და რა ეტაპებია გასავლელი დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებების ფარგლებში? ამ საკითხებს ეხებოდა დღევანდელი დისკუსია, რომელიც ორგანიზაცია “ქართლოსმა” ქართული მედია ჯგუფის პარტნიორობით და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დასკვნით შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები და ის ფოტომასალა, რაც გორის მუნიციპალიტეტში სტიქიურ ნაგავსაყრელებსა და ნარჩენების პრობლემას ასახავს.

შეხვედრას გორის მერიის, საკრებულოს და კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დისკუსიის ნაწილში დამსწრეთა აზრით, ნარჩენების პრობლემას ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის არსებობა შეუწყობს ხელს, თუმცა გარემოს დამცველთა შეფასებით, ნარჩენების არასაკმარისი რესურსიდან გამომდინარე, ობიექტის ადგილზე ფუნქციონირება მოკლევადიანი იქნება.

კეთილმოწყობის სააგენტომ დღევანდელ შეხვედრაზე ნარჩენების მართვის გეგმის ფარგლებში შესრულებული საქმიანობის მოკლე ანგარიშიც წარმოადგინა, რომლის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში (მათ შორის 75-სოფლეში) ნარჩენების ლიკვიდაცია ეტაპობრივად ხდება, საკრებულოს წარმომადგენელთა ინფორმაციით კი პრობლემის მოგვარების მიზნით, გარკვეული მიმართულებები 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისასაც იქნება გათვალსიწინებული. მთავარ აქცენტს შეკრებილი საზოგადოება კვლავ მოქალაქეთა ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობასა და საჯარიმო სანქციების დაწესებაზე აკეთებდა.