წყალტუბოს საკრებულოს დაკავებული თავმჯდომარე: სუს-ი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ერევა

1868

წინა სტატია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლია. მისი თქმით, სუს-ი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ერევა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

გრიგოლ ივანეიშვილის სასამართლო პროცესი თბილისში მიმდინარეობს. როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა, ის უდანაშაულოა, შეთქმულების მსხვერპლია და ქრთამის აღება მისთვის მიუღებელია.

“მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. ერთი პროცენტითაც თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობდე, საერთოდ გავჩუმდებოდი. მიმუშავია იმ პერიოდშიც, როცა ხელფასი 40 ლარი იყო, მაგრამ ეს მაშინაც შორს იყო ჩემგან, რასაც ქრთამი ჰქვია.

ბატონმა შალვა თადუმაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბრალის ახალი სტანდარტი უნდა დამკვიდრდესო. მე მეეჭვება, რომ ჩემ შემთხვევაში ასეა.

სუს-ის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას თავისი მიზეზები აქვს. ეს დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ვიდრე საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანა. სუს-ი იმაზე მეტად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ვიდრე ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს”, – განაცხადა ივანეიშვილმა.

გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად ასევე დაკავებულია ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუაც. ჩოჩუასა და ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.