ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა

926

ენმ-ის ფრაქციის ყოფილმა წევრმა ბათლომე შელიამ ფრაქციის დატოვების შესახებ დღეს დილით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს.

ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება ენმ-ის წევრ ანა წითლიძესთან დაპირისპირების გამო მიიღო.

„მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ გავმხდარიყავი ოპოზიციური ფრაქციის დაშლის მიზეზი, მაგრამ სოციალურ ქსელში, ანა წითლიძესთან გუშინდელი პოლემიკის შემდეგ, რომელიც ჩემი თანაგუნდელის ლელა ქებურიას ზუგდიდის მერობის კანდიდატად დასახელებას მოჰყვა, წითლიძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოეხმაურა ლელა ქებურიას დასახელების ამბავს, რაც ჩვენს შორის სიტყვიერ დაპირისპირებააში გადაიზარდა“, – უთხრა „ლაივპრესს“ ბათლომე შელიამ.

ენმ-ის წევრი ანა წითლიძე კი აცხადებს, რომ ენმ- ის ფრაქციიდან გასვლაზე ის დიდი ხნის წინ მოუწოდებდა ბათლომე შელიას.

„მე 4 თვის წინ მოვუწოდე საჯაროდ მას, რომ გასულიყო ფრაქციიდან, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იქნება ის ფრაქციაში თუ არა, აქ მას დიდი პასუხისმგებლობა მაინც არ ეკისრებოდა, მაგრამ ვერ დავატოვებინეთ ფრაქცია, რადგან მას ფინანსური სარგებელი არ ეთმობოდა, ფრაქციის სხდომებზე დასწრებისთვის ხომ დამატებით 100 ლარს იღებდა“, – გვითხრა ანა წითლიძემ.

ბათლომე შელია ზუგდიდის საკრებულოში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, მან ენმ-ის ლიდერთა ნაწილთან ერთად პარტია დატოვა და „ევროპული საქართველოს” წევრი გახდა, დღემდე ენმ-ის ფრაქციის წევრად რჩებოდა.

წყარო: ლაივპრესი