ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემები საქართველოზე სტატიებს გამოაქვეყნებენ

108

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოზე სტატიებს მოამზადებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათმა უწყებამ ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

პრესტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის „Marie Claire”, “Plus Magazine” Tageblatt და Luxemburger Wort -ის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ბელგიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოში ბელგიიდან და ლუქსემბურგიდან ვმასპინძლობთ წამყვან ჟურნალისტებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისეთი გამოცემის, როგორიცაა Marie Claire-ის წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. გაცნობითი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს ვაჩვენებთ ყველა იმ ღირსშესანიშნაობას რითაც ვამაყობთ. სხვადასხვა გამოცემებში, მათ შორის Marie Claire-ში, მალე ვიხილავთ სტატიებს, სადაც მკითხველს ურჩევენ, რომ საქართველოში იმოგზაურონ“,-განაცხადა ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

უწყების ცნობით, ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი თბილისის შემდეგ მცხეთას, სტეფანწმინდას, გუდაურს და კახეთს ეწვევა.

“ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. მაღალრეიტინგულ გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავს როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს მასშტაბით”, – განმარტავენ უწყებაში.