ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ორი მაღალჩინოსანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

504

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება – გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოსამართლემ მიიღო. დავით მამისეიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გიორგი ერმაკოვი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. ასევე პატიმრობაში რჩებიან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, ბრალდებულების მიერ წარდგენილი თანხა გირაოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ვერ აღწევდა და შესაბამისად, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს არ ჰქონდა უფლება ხელშეკრულება გაეფორმებინა ბრალდებულების ადვოკატებთან, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებდნენ და აღნიშნული გირაოს სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებდნენ.

შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარემ ბათუმის მერიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულები ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ. მერია თანახმა იყო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ზარალის ამ ფორმით მიღებაზე.

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი 5 თვის წინ დააკავეს, მათ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ედავება. საქმე ეხება ბათუმში „იაფი სახლის” პროექტის განხორციელებას, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ სამასი ათასი ლარი გამოიყო. პროექტი არ განხორციელდა, შემსრულებელი კომპანია კი გაუჩინარდა.

წინასასამართლო პროცესზე 4 მაღალჩინოსანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.