დღეიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

707

წინა სტატია

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება.

კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.

ამასთანავე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.

გარდა ამისა, მირცხულავას ქუჩის ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო რამიშვილის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება. ამდენად, რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ამირეჯიბის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

ჭავჭვაძის გამზირის „პიქსელიდან“ ვარაზისხევამდე მონაკვეთზე კვლავ ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო რამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაშვებული იქნება მოძრაობა მარცხნივ, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან – მარჯვნივ.