თბილისის მერის შეფასებით, მეტროში არსებული სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია

81

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, თბილისის მეტროში არსებული სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

“დღეს მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მეტროში არსებული სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია. პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ასევე, მეტროს სადგურებსა და გვირაბებში არსებული სიტუაცია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ესაა ძალოვანი კაბელების ცვლილება – დაახლოებით, 450 კმ-ზე მეტი ძალოვანი კაბელი შეიცვალა. ასევე, მთლიანად შეიცვლება გამნიავებლების სისტემა თავისი აგრეგატებით. სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება. ამის გამო მეტრო 1 საათით ადრე ამთავრებს მუშაობას, რისთვისაც ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენთვის მთავარია მგზავრების უსაფრთხოება. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ რაც კი მეტრო გაიხსნა, ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 40 ახალი ვაგონის შესაძენად ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.