თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩაშვების გამო ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა

405

წინა სტატია

თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩაშვების გამო ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა,- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა და ვიცემერმა ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, აქტიური სამუშაოები ადგილზე მომდინარეობს და ყველა სამართალდარღვევაზე მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მკაცრი რეაგირება ექნება.

“გასულ სხდომაზე თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, არის კონკრეტული ადგილები, სადაც თბილისის ზღვაში ხდება ფეკალიების ჩადინება. პირდაპირ აქვს დაერთებული სანიაღვრე ქსელს. მთავრობის წინა სხდომაზე დავავალეთ მუნიციპალურ ინსპექციას და გვაინტერესებს ყველას რა ხდება ამ ეტაპზე, თუ არის გამოვლენილი ის ადამიანები, ფიზიკური ან იურიდიული პირების ვისაც ამდაგვარი ქსელები აქვს გაყვანილი საკუთარ ტერიტორიაზე და შემდეგ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩაედინება თბილისის ზღვაში. თუმცა,მინდა ხაზი გავუსვა და ამასთან დაკავშირებით კომპანია GWP-მაც გააკეთა განცხადებები, რომ სასმელ წყალს არ აქვს არანაირი პრობლემა და ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში რამდენჯერმე ხდება სინჯების აღება და ფილტრაცია. სასმელი წყალი რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მიეწოდება, აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სტანდარტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე შეფასებით, მძიმეა ის რეალობა, რასთანაც გვაქვს საქმე, თუმცა, ეს არის შედეგი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა თბილისში.

„მხედველობაში მაქვს არასწორი და ქაოტური განაშენიანება. განაშენიანება ხდებოდა იქ, სადაც არ უნდა მომხდარიყო. არანაირი პროექტები არ იყო იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული საკანალიზაციო ქსელი, როგორ უნდა იყოს სანიაღვრე სისტემა. ეს ყველაფერი ერთმანეთში აღრეული იყო. შესაბამისად, შედეგი გვაქვს სახეზე და ბევრი მუშაობა მოგვიწევს ყველას. აქტიური კომუნიკაცია მოგვიწევს ადგილობრივ მცხოვრებლებთან, ვინც უშუალოდ იქ ცხოვრობს და მათი მხრიდან წარმოქმნილი პრობლემებია ეს ყველაფერი. თვითონაც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმაში, რომ ეს არის თბილისის ზღვა, რომლის ნაწილიც გამოიყენება სასმელ წყლად”,- განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც სამუშაოებს მეთვალყურეობს.

“გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ ვიწყებდით ფიზიკურ სამუშაოებს. პირველივე დღესვე მოხდა ერთი კონკრეტული გამოვლინება, რომელიც სავარაუდოდ იყო მასშტაბური ჩაედინება. მას მოყვა მყისიერი რეაგირება, აღმოიფხვრა დარღვევა, გამოიწერა სამართლებრივი აქტი და ჯარიმა კონკრეტულ იურიდიული პირისთვის. შეგნებულად არ ვასახელებ მას. მასალები მოკვლევის ფარგლებში რაც შევადგინეთ, გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელმაც უნდა დაითვალოს გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა და საკმაოდ სოლიდური სანქცია უნდა დაეკისროს ამ იურიდიულ პირს. ჩვენ ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი შევქმენით და მასში შედიან მუნიციპალური ინსპექციის, GWP-ის და თბილსერვისის წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექციაც მონაწილეობს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რა ჩადინებებიც არის თბილისის ზღვაში ყველას მოკვლევა მიმდინარეობს. ტექნიკაც მუშაობს. ყველა გამოვლინებაზე იქნება მყისიერი და საკმაოდ მკაცრი რეაგირება, ამას მოყვება გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან რეაგირებაც. ასევე კომუნიკაცია მოგვიწევს კერძო მესაკუთრეებთან, რადგან მათ ტერიტორიაზეც მოგვიწევს გათხრითი სამუშაოები, თუმცა ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევა არც ერთ ნაბიჯს უკან არ დავიხევთ. გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საჭირო იქნება დარღვევის გამოსავლენად”,- განაცხადა ხმალაძემ.