რა ეღირება შესვლა ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში

695

ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლის ღირებულებასთან დაკავშირებით ‘ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს“ მზად აქვს პროექტი, რომელიც უკვე ზუგდიდის მერიაშია გადაგზავნილი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამგანაცხადა, პროექტში, რომელშიც, შესაძლოა, ცვლილებები ჯერ კიდევ შევიდეს, განსხვავებული ფასებია მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მათ შორის დაგეგმილია, რომ ბაღის დათვალიერება უფასო იყოს 10 წლამდე ბავშვებისთვის, პენსიონრებისთვის და მაღალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებისთვის.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ერთ პირზე ერთთვიანი საშვის ღირებულება 10 ლარი იქნება, საოჯახო პაკეტი კი 15-20 ლარამდე ეღირება (დამოკიდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობაზე).

‘ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი ძალიან კომფორტული იქნება. გვაქვს სხვადასხვა ტიპის პაკეტი, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის. ეს არის სხვადასხვა სოციალური პაკეტი. ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება შერჩეული“, – განაცხადა ზვიად ქარჩავამ.

ქარჩავას მტკიცებით, განახლებული ბაღი ნოემბრის პირველ რიცხვებში გაიხსნება და უკვე შეძლებს სტუმრების მიღებას.

ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.