ონის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი ჩატარდა

289

მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების საკითხზე ონის მერიაში ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს, რომელიც საქართველოს მედია-კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, ონის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო, ასევე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო მხარდაჭერის, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებს.

პროექტი – “ჩვენ ვმონაწილეობთ – ჩვენ ვცვლით”, რომელსაც საქართველოს მედია-კლუბი ახორციელებს, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ – ფარგლებში მიმდინარეობს.

გარდა ტრენინგებისა, პროექტით, ასევე, დაგეგმილია იმ მუნიციპალიტეტების საექსპერტო მხარდაჭერა, რომლებიც შემდგომ წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დანერგვას გადაწყვეტენ.